მე არ ავყვები ამ წკიპურტებში არც ხელისუფლებას და არც არავის-დავით უსუფაშვილი

“მე არ ავყვები ამ წკიპურტებში არც ხელისუფლებას არც არავის-ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განუცხადა. 

„ოპოზიციას სრული ნორმალიზაციის მცდელობა გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ყურადღებით ვართ იმისათვის, რომ სრული ნორმალიზაციის ვერმიღწევის გამო, სრულ არანორმალურობაში არ გადავჩეხოთ ქვეყანა. ამიტომ, უახლოეს დღეებში ჩვენ „ლელოს“ წარმომადგენლები ამ პროცესში არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ გონივრული კომპრომისი მოიძებნოს, რომელიც ნორმალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და სრული ნორმალიზაციისთვის გახსნის შესაძლებლობებს. ამიტომ, დეტალებში შესვლა, ვისთვის რა არის „წითელი ხაზი“, რომელზეც არ გადავა და ა.შ. მგონი, ამ დღეებში ამაზე საუბრი არ ღირს მათი მხრიდან, ვინც შეთანხმებისთვის არის მზად. მე ძალიან დიდ შინაარსს ვდებ სიტყვებში, რომ სრული ნორმალიზაციის მცდელობამ არ უნდა მიგვიყვანოს სრულ არანორმალურობამდე. სრული არანორმალურობა იქნება ამ მოლაპარაკებების ჩაშლა, ან პარლამენტში ინიცირება რაიმე კანონპროექტის და მაისში მისი ჩაგდება, ან ისეთ შეთანხმებაზე წასვლა, რომელიც მიუღებელი იქნება საზოგადოებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ გვინდა, რომ დარჩენილ დღეებში, იმ დღეებში როდესაც ხელისუფლებამ სრულიად აშკარად დაინახა, რომ შეთანხმება საჭიროა ქვეყნისთვის, საჭიროა მათვისაც. ეს სრულიად აშკარაა და ეს არის ჩვენი გულწრფელი მეგობრებისა და კონკრეტული ადამიანების დამსახურება. ამიტომ, ბოლო დღეებში ამ საჯარო წკიპურტების გაცვლამ არ უნდა მიგვიყვანოს პროცესის ჩაშლამდე. ამიტომ, მე არ ავყვები ამ წკიპურტებში არც ხელისუფლებას და არც არავის. მონდომებული ვარ იმისათვის, რომ შეთანხმება მოხდეს. შეთანხმების ფორმულა რა არის?! ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ პარტიამ იმისათვის, რომ ქვეყანა მართოს, უნდა მიიღოს მინიმუმ 40-%-ზე მეტი მხარდაჭერა”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.