მე არც გამბედაობა მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები, არც ძალით და არც გამბედაობით-ჩუგოშვილი

მე არც გამბედაობა მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები, არც ძალით და არც გამბედაობით, -ეს განცხადება  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ეკა ბესელიას საპასუხოდ გააკეთა.  

„სასამართლოების თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონია. რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ შეხვედრა იყო, სადაც მე და ეკა ბესელია ერთად ვიყავით. ყველა შეხვედრა იმას ეხებოდა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭომ ათკაციანი სია გამოაგზავნა. ჩვენ, მეც და ჩემი კოლეგები ამ სიას ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი პოზიცია ამ სიასთან დაკავშირებით იყო და რჩება შემდეგი, ყველა შეხვედრაზე ამაზე გვწევდა საუბარი, მათ შორის იმ შეხვედრაზე, რაზეც ბესელია საუბრობს, რომ მოსამართლეების დანიშვნა იმ ფორმით და სახით, როგორც იუსტიციის საბჭომ მოინდომა დეკემბერში, არასწორი, მიუღებელი იყო, ამას პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა და ეს ასეც მოხდა. პარლამენტს იმ სიის განხილვა არ დაუწყია, რადგან შევთანხმდით, რომ ჯერ პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომელიც შესაბამისი პროცესის შექმნას ითვალისწინებდა და ხანგრძლივი, რთული, გამჭვირვალე პროცესის წარმოებას მოსართლეების დანიშვნისთვის. კონკრეტულად ვინმეს ხმის მიცემაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი როგორ უნდა გაგრძელებულიყო იმის გამო, რომ საბჭოს მოქმედებებმა, მის მიერ წარმოდგენილმა სიამ დიდი პროტესტი გამოიწვია დეპუტატებშიც და საზოგადოებაშიც“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის პასუხი ეკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა, ბესელიამ განაცხადა რომ  შეხვედრას, რომელსაც თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა, ბიძინა ივანიშვილმა მას უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა და “გაყვანა” მოსთხოვა, მათ შორის იყო მიხეილ ჩინჩალაძე.