“მინდა, გთხოვოთ, რომ დაოკდეთ” – ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს, თეონა ბაკურიძეს დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
ბაკურიძემ რიჟვაძეს “ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა შეახსენა, როცა პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის მეთაურიც იცვლება. ჟურნალისტის შეკითხვას რიჟვაძის გაღიზიანება მოჰყვა და წამყვანს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“ბოლო დღეებში თქვენგან განსაკუთრებით წამოიჭრა ეს საკითხი და მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ. ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას წლის ბოლომდე” – უპასუხა რიჟვაძემ.
წამყვანმა რიჟვაძეს ჰკითხა ვისი მისამართით იყო გამოთქმული სიტყვა დაოკება. შეკითხვა რიჟვაძემ უპასუხოდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2018 წლის ივლისიდან იკავებს, მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ თანამდებობა აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემაც, დატოვა.