მეტი კახა ,,ქართულ ოცნებას”, მეტი ბიძინა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი, მეტი ნუკრი- გოცირიძე კალაძეს პასუხობს

,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, რომან გოცირიძე კახა კალაძის განცხადებას ,,მეტი ვანო ოპოზიციას”, პასუხობს. მისი თქმით, რაც უფრო მეტი კახა კალაძე იქნება ,,ქართულ ოცნებაში”, მით მეტად იქნება ეს პარტია წარუმატებელი.

„მეტი კახა კალაძე “ქართულ ოცნებას”. რაც უფრო მეტი კახა კალაძე იქნება „ოცნებაში“, მით მეტად იქნება “ქართული ოცნება” არჩევნებში წარუმატებელი. მეტი ბიძინა, მეტი კახა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი, მეტი ნუკრი. თუმცა, არ გვინდა მათი ზრდა, ისედაც ნათელია, რომ გაკოტრებული “ოცნებიდან” არაფერი შემორჩა ივანიშვილს. ვინც კი წერა- კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა იქიდან”,- აცხადებს გოცირიძე.

მისი განმარტებით, მერაბიშვილს არ უთქვამს, რომ ძალადობით აპირებს ხელისუფლების შეცვლას, სიტყვა ,,დამხობა” კი ,,ხატოვნად შეიძლება შევადაროთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვეს”. 

,,მისი განცხადების მთავარი შინაარსი იყო ის, რომ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება სიტყვა – „დამხობას“, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი, როცა ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო ერთი ადამიანის მიერ არის უზირპირებული და როგორც გველეშაპი დაეპატრონება ზღაპარში წყალს და არ აძლევს ცხოვრების საშუალებას ხალხს, დაახლოებით ასე დაეპატრონა ის პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს, ბიზნესს. ამიტომ ცვლილების და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ „დამხობას“. მას არ უთქვამს, რომ ძალადობით აპირებს რამეს. პოლიტიკას აქვს თავის ლექსიკა, არის უამრავი სინონიმი, შეცვლა, გაშვება, გაპანღურება, დამხობა. ესენი არიან პოლიტიკური სინონიმები. მას არ უთქვამს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა,”- ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.

დღეს ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ,,მეტი ვანო ოპოზიციას”- ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას.