მიაკითხავენ თუ არა დავით კირკიტაძეს სამართალდამცავები ისევ, უცნობია

{{ARTICLEIMAGE}}

ველისციხეში პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. პირველად, სამართალდამცველები დავით კირკიტაძესთან მივიდნენ, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მათ ადვოკატის გარეშე კარი არ გაუღო, ტერიტორია კი პოლიციამ კამერების გამოჩენამდე დატოვა, ამიტომ უცნობია, რა მიზნით მივიდნენ ისინი ოპოზიციის წარმომადგენელთან.

კირკიტაძე ამბობს, რომ გუშინდელ აქციაზე ინციდენტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო და არც მას და არც გაერთიანებული ოპოზიციის არცერთ წევრს კანონი არ დაურღვევია.

დავით კირკიტაძე მზად არის, გამოძიების კითვებს უპასუხოს, თუმცა არა პოლიციაში, სასამართლოში – მოსამართლის თანდასწრებით.პოლიციის წასვლის შემდეგ, დავით კირკიტაძის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ პოლიციამ მათ მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების საშუალება არ მისცა.


“დღეს კიდევ ერთხელ გამყარდა ჩემი ეჭვი, რომ პოლიცია გასულია კანონის ფარგლებიდან და მე არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას ან მის უკანონო ბრძანებებს დავემორჩილო.


თუ სადმე ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას გავაკეთებ სასამართლოზე, თუმცა გავაკეთებ მას მერე რაც დააკავებენ იმ ზონდერებს და პოლიციელებს, ვინც დააზიანა ჩვენი აქტივისტები, დაუმტვრია მანქანები, მოტეხა ყბა და შეგვიზღუდა პროტესტის გამოხატვის თავისუფლება”,ამბობს დავით კირკიტაძე.


რატომ დაინტერესდა გამოძიება დავით კირკიტაძით, განმარტებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ვინც გუშინდელ აქციაზე კირკიტაძის ქცევა ნახა, არ უნდა გაუკვირდეს, რატომ მიაკითხეს სამართალდამცავებმა. გახარიას მოადგილე იმასაც ამბობს, რომ პოლიციაში დაიბარებენ ყველას, ვინც გუშინ რაიმე ფორმით კანონს არღვევდა, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს.

მიაკითხავენ თუ არა დავით კირკიტაძეს სამართალდამცავები ისევ, უცნობია. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარეობდა, 10 ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ასევე დაშავდა ოპოზიციის მხარდამჭერი ქალბატონი, რომელიც საავადმყოფოში დაჟეჟილობებით გადაიყვანეს და კიდევ ერთი აქტივისტი – შოთა დალაქიშვილი, რომელსაც ტვინის შერყევა და ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს და ოპერაციას საჭიროებს.