“მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა ეს ინიციატივა, ვეთანხმები სალომე სამადაშვილს და მზად ვარ, ხმა მივცე“-კვიციანი

“მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა ეს ინიციატივა, ვეთანხმები სალომე სამადაშვილს და მზად ვარ, ხმა მივცე“, – ეს განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. კვიციანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

“შემზარავი ფაქტი მოხდა, ამაზრზენად მოეპყრნენ მაჩალიკაშვილების ოჯახს, ჯერ მაშინ, როდესაც შვილი მოუკლეს, არ იქცევიან ტერორისტები ისე, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახი იქცევა. 1 წელია, ეძებს სამართალს და ვერ მიაღწია, რომ გაიგოს, რატომ მოუკლეს შვილი და ჩვენც გვაინტერესებს ეს.

ასე რომ არ გაგრძელდეს და ვიღაცეებს სახლში არ მოგვაკითხონ, აუცილებელია დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ბოლოსდაბოლოს მოიხსნას კითხვა, რატომ იქნა დახვრეტილი. ჩვენს ქვეყანაში მე მგონი სიკვდილით დასჯა აკრძალულია, გვახსოვს, ეს წინა პერიოდში როგორ ხდებოდა, ეს ფაქტი არ უნდა დავუშვათ და არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ფაქტს გაგრძელება მოჰყვეს“, – განაცხადა  კვიციანმა.

პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ.

პარლამენტს დადგენილების პროექტით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. პროექტი პატიის წევრმა სალომე სამადაშვილმა წარადგინა.