“მოგიწოდებთ, რომ დარჩეთ სახლში!” – საბერძნეთის ეკლესიის სინოდი მოსახლეობას აფრთხილებს

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი საკუთარ მრევლს ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოხუცები უნდა მოერიდონ გარეთ გასვლას და ეკლესიებში წირვა-ლოცვაზე დასწრებას. განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვებათ ადამიანებს ქრონიკული დაავადებებით: რესპირატორული პრობლემებით, დიაბეტით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით და ა.შ.

ასეთი მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრა სასურველი არ არის. წმინდა სინოდი სთხოვს და მოუწოდებს მათ, რომ ნუ დატოვებენ სახლს, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.

ათენში, გალაცის მე-4 უმაღლესი სკოლის (ლიკიო) მოსწავლეს ვირუსის დიაგნოზი ოფიციალურად დასმის შემდეგ განათლების სამინისტრომ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და სკოლები დაიხურა, რათა მაქსიმალურად მინიმალიზირებული იყოს კორონავირუსის გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კორონა ვირუსით დაინფიცირების 84 შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საბერძნეთში, სალონიკში 26 თებერვალს დაფიქსირდა.