“მოვითხოვთ კუთვნილ სტიპენდიებს”- 2 ათასი სტუდენტი განათლების სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებს

“მოვითხოვთ კუთვნილ სტიპენდიებს”- სტუდენტები  17:00 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბებიან და განათლების სამინისტროსკენ დაიძვრებიან,სადაც აქციას გამართავენ. თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სამინისტროსგან კუთვნილი თანხის მიღებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორის თქმით, დაახლოებით 2 ათასი სტუდენტი სტიპენდიის მიღებას უკვე რამდენიმე თვეა ელოდება. 

„სამინისტრო გვეუბნება რომ არ იციან როდის გაიცემა ბრძანება. დაახლოებით 2 ათასი სტუდენტი ელოდება სტიპენდიას,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ ვაპროტესტებთ ამ გულგრილობას და მოვითხოვთ კუთვნილ სტიპენდიას, განათლების სამინისტროსგან მივიღეთ პასუხი რომ არ იციან როდის იქნება სტიპენდიები“-აცხადებს აქციის ორგანიზატორი და ილიაუნის სტუდენტი  ბადრი ოკუჯავა.

სტუდენტების განცხადებით, განათლების სამინისტრო მათთან კომუნიკაციას არ აწარმოებს, ამიტომ აქციის საშუალებით ისინი ეცდებიან აიძულონ სამინისტრო, შესრულდეს  სტუდენტების წინაშე აღებული ვალდებულება.