მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციას გამოეხმაურა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
“აშშ შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმის” სპეციალურ კორესპონდენტს სინდი სეინს განუცხადა.
„ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან.
ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია”, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.