მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე სწავლა შეეძლებათ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე სწავლა შეეძლებათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს 28 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

დღეს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი არ მოიცავს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის უფლებას.

შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს.

გარდა ამისა, კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იმ მსჯავრდებულებს რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები და აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, შესაძლებლობა აქვთ 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურაზე განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შევიდა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, რომელმაც წარმატებით ჩააბარა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები, აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ იწყებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესს. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი.

კანონპროექტის ინიციატორი აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რათა მსჯავრდებულებმა, რომელთაც ჩაბარებული აქვთ სამაგისტრო გამოცდები, დროულად შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა 2019-2020 სასწავლო წლიდან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა.