მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე ახალი რეგულაცია დაწესდა

მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე ახალი რეგულაცია დაწესდა. შეზღუდვის მიხედვით, აიკრძალა 200კგ-ზე ნაკლები მდედრი საქონლის ექსპორტირება.

,,მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა №430 დადგენილებაში „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“- ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.

,,წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

მესაქონლეობის დარგის განვითარების წახალისება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები”,- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.