,,მწვანე სკოლამ” ლუკა სირაძის მიმართ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაარღვია- სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, ,,მწვანე სკოლამ” ლუკა სირაძის მიმართ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაარღვია, რის გამოც მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

გარდა ამისა, ინსპექტორმა გაარკვია, რომ სკოლაში ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. ,,კაბინები”, ისე რომ არ იყო განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშანი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სკოლამ დაარღვია:

  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი;
  • ,,ზოგადი განათლების შესახებ კანონი”;
  • „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;

,,კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა”,- აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმართა საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 

15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მან თვითმკვლელობა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. ის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა, რის შემდეგაც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ჩოლოიანი უარყოფს, რომ მოზარდს ჩვენების მიცემას აიძულებდა. სახელმწიფო ინსპექტორმა დაადასტურა, რომ ჩოლოიანი სირაძეს დედის გარეშე 20 წუთის განმავლობაში კითხავდა და ემუქრებოდა.

მოზარდს “მწვანე სკოლაში” კედლებზე წარწერების გაკეთებაში სდებდნენ ბრალს. მათ შორის იყო წარწერა “ამ ცხოვრების დედაც”. 

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 12 თებერვალს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.