“ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში დემოკრატიაა”- თალაკვაძე

ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და საქართველოში ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი.

“რაც შეეხება პროკურორის დამტკიცების საკითხს, ჩემი პატივისცემის მიუხედავად ოპოზიცის მიმართ, პასუხისმგებლობა გვაქვს არა მხოლოდ ოპოზიციის წინაშე, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, თანამდებობაზე დავამტკიცოთ პროკურორი და გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, რაც არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად “სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს.