“ოცნების” ლიდერის განცხადება გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს

{{ARTICLEIMAGE}}

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია მმართველ გუნდთან დაპირისპირებული, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს აღნიშნული თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

ივანიშვილი ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღე, რაც ივანიშვილის თქმით, უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი: “და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი”.

“ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო – რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ. გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები”, წერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ თავად ბესელია მმართველი პარტიის ლიდერის პოზიციებზე საუბარს თავს არიდებდა და აცხადებდა, რომ ივანიშვილი საკუთარ აზრს თვითონ დააფიქსირებდა. ბესელია იმასაც ამბობდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა, თუმცა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდა. მან საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმიც წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მოსამართლეთა სადავო სიის გაწვევა არ მოხდებოდა პარლამენტიდან, ის გუნდს დატოვებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს.

დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის სამი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს.

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს