ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს

ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს. საპროტესტო აქცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად ჩატარდება.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქცია დილით 10 საათზე დაიწყება.

„გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10 საათზე დაიწყება. ეს არის გარკვეულწილად გამაფრთხილებელი აქციები. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვერცერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „ქართული ოცნება“ მშვიდად და აუღელვებლად ვერ ჩაატარებს. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ შოთაძე ჩვეულებრივი მსახურია „ოცნების“ იმ რეჟიმის, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში და მას უკან აბრუნებენ ერთადერთი რამის გამო – ის არის ერთგული პირადად ივანიშვილის, ის არის ერთგული „ქართული ოცნების“ ლიდერების და ყველა დაკვეთის და დავალების შესრულება შეუძლია. თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ მიდის სწორად ეს პროცესი, უნდა მივიდეთ აქციაზე, მშვიდობიანი პროტესტი ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურად მხარი დაუჭირა.