ოქრუაშვილი ან ტყუის, ან თუ მას ეს ფული ჰქონდა, ეს უკვე დანაშაულია – პაატა სალია

ირაკლი ოქრუაშვილი ან ტყუის, ან თუ მას ეს ფული ჰქონდა, ეს უკვე დანაშაულია – ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილი მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომ “რუსთავი 2” რეალურად მისი საკუთრება იყო, ყალბს უწოდებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის გუშინდელი სკანდალურ ინტერვიუს შემდეგ, პაატა სალია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გაყალბებული დოკუმენტით ცდილობს ხმაური გამოწვევას.

“ეს დოკუმენტი პირველად გამოჩნდა 2015 წელს, მაშინაც განვაცხადეთ, რომ იყო ყალბი, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა და მოეყვანა არგუმენტად ის გარემოება, რომ მას ჰქონდა საფრანგეთში განხორციელებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ხელმოწერა ამ დოკუმენტზე იყო განხორციელებული ქიბარ ხალვაშის მიერ. ეს რომ ასე ვერ იქნებოდა, ძალიან ბევრი დამადასტურებელი გარემოება არსებობს, პირველ რიგში მან დაახლოებით ერთი წლის წინ შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოითხოვა ამ ე.წ. შეთანხმების პირველი ნაწილის გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულება, ასეთი ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებდა და ვერ ექნებოდა ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის ვალი 7 მილიონიო დოლარი, მარტივი მიზეზის გამო, გარკვეულწილად აღიარებებსაც აქვს ადგილი მისი მხრიდან, რომ ის იყენებდა გარკვეულ ბერკეტებს, რომ მოეზიდა სახსრები.

“გავიხსენოთ რა ბერკეტები შეიძლება ჰქონოდა მას, როცა იყო პროკურორი, თავდაცვის მინისტრი და ა.შ , აქ საუბარია, რომ ის იზიდავდა სახსრებს საკუთარი ინტერესებისთვის, მე მგონი აქ უნდა იკეტებოდეს ეს თემა, მაგრამ კი ბატონო გეტყვით, რომ ეს ხელმოწერა არის ნამდვილი,”-ამბობს პაატა სალია.

მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ქიბარ ხალვაში რამდენიმე წელია ვერ მივიდა იმის გამო, რომ “დროში ვერ დაემთხვია” სხვა პირებს და ასევე ის საქართველოში არ ცხოვრობს.

თუმცა სალია ამბობს, რომ ახლა რადგან ეს საქმე ისევ აქტუალური გახდა, ხალვაში აუცილებლად მივა მისი ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად ჩანიშნულ ექსპერტიზაზე.