ოთხი მოსამართლე თანამდებობიდან გათავისუფლდა

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა 4 მოსამართლე, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ამოეწურა და საბჭომ უვადოდ არ დანიშნა. რადიო თავისუფლების ცნობით, იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ასმათ კოხრეიძე, რომელიც 2016 წლის იანვრიდან სამი წლით იყო გამწესებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, მიხეილ ბებიაშვილი, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ამავე ვადით იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, დავით კეკენაძე, რომელიც საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტში და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის ბუნდოვანია, რატომ გადაწყვიტა საბჭოში გადაწყვეტილების მიმღებმა უმრავლესობამ ამ მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. “მოგეხსენებათ, ირაკლი შავაძეს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა უშუალოდ თავმჯდომარესთან მიმართებაში, მაგრამ თავმჯდომარე თანამდებობაზე რჩება, მის მიმართ კითხვები არავის გასჩენია, თუმცა შავაძე სამსახურიდან მიდის” – განუცხადა ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი ინფორმაციით, იუსტიციის საბჭომ უვადოდ დანიშვნაზე უარი უთხრა საერთო ჯამში, მხოლოდ 9 მოსამართლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე 2018 წლის თებერვალში აცხადებდა, რომ მას იუსტიციის საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარესთან, დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების გამო. შავაძე მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარის “გუნდში” ვერ მოხვდა მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობის და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების გამო. დავით მამისეიშვილი ირაკლი შავაძის ბრალდებას უარყოფდა და მას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებდა.