პარტია ,,სამართლიანობისთვის” ქალთა ორგანიზაციას ქმნის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კვოტირება იქნება- ბესელია

ეკა ბესელიას თქმით, პარტია ,,სამართლიანობისთვის” ახალ ორგანიზაციას, პლატფორმას ქმნის, რომლის მთავარი მიზნები ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრა, მათი პოლიტიკაში ჩართულობის გაძლიერება და კვოტირების საკითხი იქნება.

მისი თქმით, ორგანიზაცია IRI-ის, NDI-ის, USAD-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

,,პარტია ,,სამართლიანობისთვის” ქმნის ახალ პლატფორმას ძალიან ძლიერ ქალთა ორგანიზაციას, ორგანიზაციების: IRI-ის, NDI-ის, USAD-ის მხარდაჭერით და მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაგვეხმარნენ, რათა ძალიან ძლიერი ქალთა ორგანიზაცია შეგვექმნა.

სამი მთავარი პრინციპია, რისთვისაც ვქმნით ამ ახალ მოძრაობას. პირველი, რომ შეწყდეს ქალთა მიმართ ძალადობა და დავეხმაროთ ყველა ქალს, რომელსაც სჭირდება მეტი სოლიდარობა და მხარდაჭერა. მეორე, რომ გავაძლიეროთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არჩევნებში და წელს ამ არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზეც მეტი ქალი კანდიდატი გვყავდეს და მათ შორის კვოტირების საკითხიც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ქალთა მეტი ჩართულობა და მეტი მონაწილეობა პოლიტიკურ სივრცეში და სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. აქ არიან უნიჭიერესი ქალები, ძალიან ძლიერი და გამოცდილი, წარმატებულები სხვადასხვა სფეროში და მათ შორის სხვადასხვა რეგიონიდან და იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ორგანიზაცია, სადაც იქნებიან, როგორც წევრი პარტიის, ასევე არაწევრი მხარდამჭერები, შექმნის ახალ პლატფორმას ქალებისთვის”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

,,ქართული ოცნებიდან” წამოსულმა ბესელიამ პარტია ,,სამართლიანობისთვის” 2019 წლის 20 ივნისს დააფუძნა.