საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ პატრიარქის ქადაგების მოწინაღმდეგეები აბორტის მომხრეები არიან. ამის შესახებ ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, აბორტის მომხრე ადამიანებისაგან პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია პირველი არ არის.
„საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? უახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა სულით ებრძოდნენ ეკლესიას?
წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. (იო.10.4)
პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს.
მესამე პირები რატომ უნდა ერეოდნენ ამ ურთიერთობაში?
რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? მათ ხომ ეს ქადაგება პრინციპში არ ეხებათ? ისინი ისედაც ხომ არ გააჩენენ შვილს, რომ ერი გამრავლდეს? ისინი ხომ იმდენჯერ გაიკეთებენ აბორტს, რამდენჯერაც მიიჩნევენ, რომ არასასურველი შვილი უჩნდებათ? ეს ქადაგება მათ არ ეხებათ, და ეს მათ შესანიშნავად იციან. მაშ საიდანაა ეს აგრესია ადამიანის მიმართ, რომელის საკუთარ სულიერ შვილს მიმართავს?
პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან.
საქმე იმაშია, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში, ამ ტკივილმა ადამიანს სინანულისაკენ უნდა უწინამძღვროს. უარეს შემთხვევაში კი აგრესია უჩნდება და სურვილი, რომ ეხ სიტყვა დაადუმოს.
სალომეამ ჰეროდიას დავალებით სწორედ ამიტომ არ მოითხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი ჰეროდესაგან, რომ ამხელდა იოანე ჰეროდიას უსჯულოებას?
და წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა (მკ. 6. 27-28)“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პატრიარქმა ქადაგებისას დედის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”. პატრიარქის ამ განცხადებას საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათი უმეტესობა ყურადღებას ეკონომიურ მდგომარეობაზე და სამსახურის აუცილებლობაზე ამახვილებდა.