პოლიციის და სუს-ის გადაცდომები HUMAN RIGHTS WATCH –ის ანგარიშში

{{ARTICLEIMAGE}}Human Right Watch–ის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ქართული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩადენილ გადაცდომებს. ამ თავში ყველა ის გახმაურებული შემთხვევაა მოყვანილი, რომელსაც გასულ წელს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და პროტესტი მოჰყვა. ანგარიშში წერია:

პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩადენილ ძალადობაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა

“პრობლემად რჩებოდა სამართალდამცველთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებისთვის. გამოძიებები, მათი დაწყების შემთხვევაშიც კი, ისეთი მუხლებით მიმდინარეობდა, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებდა. იშვიათად დგებოდა გამამტყუნებელი განაჩენიც. შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითიც შესაძლებლობას ართმევდნენ, გასცნობოდნენ გამოძიების მასალებს.

წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 149 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა რვა შემთხვევის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ გამოძიებებს შედეგად არც ერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.

ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. კანონი პროკურატურას ანიჭებს ამ ორგანოს მიერ გამოძიების ჩატარებაზე ზედამხედველობას, მათ შორის ნებისმიერ საგამოძიებო პროცედურაზე სავალდებულო მითითებების მიცემის ან საგამოძიებო გადაწყვეტილებების შეცვლის უფლებამოსილებას, რაც ამ ორგანოს დამოუკიდებლობის ხარისხს ზღუდავს.

მაისში სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 2017 წლის დეკემბერში 15 უფროსკლასელის ჩხუბში 16 წლის ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ნაწილობრივ გამართლდნენ, მასობრივი პროტესტი მოჰყვა სამართალდამცავთა მიკერძოების წინააღმდეგ. გარდაცვლილთა ოჯახების მტკიცებით, პროკურატურამ განზრახ დამალა და გააყალბა მტკიცებულებები. პროტესტის შედეგად გადადგა მთავარი პროკურორი და შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის წევრთა უმრავლესობას ოპოზიციონერი პარლამენტარები წარმოადგენდნენ.

კომისიის მიერ სექტემბერში მომზადებული დასკვნის მიხედვით, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ჩხუბის ორი მონაწილის ნათესავია, ხელი შეუწყო დანაშაულის ზოგიერთი ელემენტის დაფარვას. ალტერნატიული დასკვნა მოამზადეს კომისიის წევრებმა მმართველი პარტიიდან, რომლის თანახმადაც გამოძიების ხარვეზები არ უკავშირდებოდა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იყო „არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის“ შედეგი. ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ, მმართველი პარტიის დასკვნა გააკრიტიკა როგორც გამოძიების გამყალბებელთა დაცვის მცდელობა და საპროტესტო აქციები განაახლა. ოქტომბერში სამართალდამცავებმა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლაში უშლიდა ხელს, ჯოხი ჩაარტყა. სარალიძეს, რომელიც გირაოთია გამოშვებული, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილი 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების დროს მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის აფეთქება სცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ამ დაუდასტურებელი ბრალდებას. ისინი ამტკიცებენ, რომ თემირლანს ეძინა, როდესაც ოფიცრები მის ოთახში შევიდნენ და სროლა დაიწყეს. ხელისუფლებამ დაიწყო მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელიც კვლავ მიმდინარეობდა წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროს. მაჩალიკაშვილების ოჯახს უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითაც ხელისუფლებამ მათი გამოძიების მასალებზე წვდომა შეზღუდა.

მაისში სამდღიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა პოლიციის სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებს დედაქალაქის ორ ღამის კლუბში ანტინარკოტიკული რეიდების ჩატარების დროს. წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, მოამზადეს ანგარიში, სადაც საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე იმ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ამ კლუბებთან რეიდების გასაპროტესტებლად სპონტანურად შეიკრებნენ და აგრეთვე, მრავალი დემონსტრანტის თვითნებური დაკავების შემთხვევებზე.

დადებით ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც ოჯახური დანაშაულის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს ახორციელებს.