პრეზიდენტმა 19 პატიმარი და 23 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა წინასააღდგომოდ შეწყალების აქტი გამოსცა. სალომე ზურაბიშვილმა 19 პატიმარი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა. ისინი საპყრობილეს დღესვე დატოვებენ.

„სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალბატონი. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნა ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.