“პროცედურული მხარე ტრაგიკომედია იყო” – 20 ივნისის ღამით დაკავებულების ათობით საქმე ერთმანეთს ჰგავს

20 ივნისის ღამით დაკავებულების ათობით საქმე ერთმანეთს ჰგავს. აქციის ღამეს დაკავებულები ყვებიან, რომ მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს ენდნენ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს.
იურისტი კოკა კიღურაძე სპეცრაზმელებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდა და პროცესებს აკვირდებოდა. აქციის ასობით მონაწილის მსგავსად, ისიც ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო გაასამართლეს. თუმცა დღემდე არ იცის, რა მიიჩნიეს სამართალდამცველებმა დანაშაულად.
20 ივნისის სისხლიან ღამეს დაკავებულების უდიდესი ნაწილი, სწორედ ასეთი გაყალბებული ჩვენებით და მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს. მათი მონაყოლიდან სისტემური დანაშაული დგინდება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მათ თანამშრომლებს სასამართლო პროცესებზე ტყუილის თქმა დაავალეს, რომ აქციის მონაწილეები მასობრივი დაკავება და იზოლატორებში გამოკეტვა გაემართლებინათ.
20 ივნისის სისხლიან ღამეს ირკვევა, რომ აქციის მონაწილეებს არა მხოლოდ თბილისის პოლიციის განყოფილებების თანამშრომლები ნადირობდნენ. დარბევიდან სახლში მიმავალი სტუდენტი ირაკლი ბახტაძე პოლიციამ ფილარმონიასთან დააკავა, სამართალდამცველების ჯგუფი, რომელმაც ის აიყვანა გურიიდან იყო ჩამოყვანილი. დაკავების შემდეგ ისინი ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ პოლიციის სამმართველოს შენობას, რადგან გზა არ იცოდნენ.
გურიიდან ჩამოსული პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმიდან გააქრო, ირაკლი ბახტაძის პროცესზე უკვე სხვა სამართალდამცველები მივიდნენ და თქვეს, რომ სტუდენტი პოლიციელებს აგინებდა, არ ემორჩილებოდა, ეს ყველაფერი კი საკუთარი თვალით ნახეს.
სამართალდამრღვევის სტატუსით და ჩალურჯებული თვალით დასრულდა 20 ივნისის ღამის ისტორია ირაკლი ხვადაგიანისთვის. ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ დემონსტრანტების გასამართლების პროცესი ტრაგიკომედიას გავდა.
“საპატრულო პოლლიცია, რომელსაც გადაგვაბარეს, ფაქტიბრივად იყო შოკურ მდგომარეობაში, ამხელა მასის მიღება და ოქმების შევსება ძალიან უჭირდათ. უბრალოდ, შეავსეს პოსტ ფაქტუმ, არც ყოფილან ადგილზე და ქოფი ფეისტით გადატანილი იყო ყველა მათგანზე ეს ბრალდებები. ეს პროცედურული მხარე ისედაც ტრაგიკომედია იყო ამ მოვლენების ფონზე,” – ამბობს ხვადაგიანი.
ათობით დემონსტრანტი ახლა სამართლებრივი დავისთვის ემზადება. მათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. მათ შორის, არის ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა და სასამართლომ ათობით მოქალაქის უფლებები არათუ დაიცვა, არამედ უხეშად დაარღვია.
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კოლეგების მუშაობით კმაყოფილია. სწორედ ის ხელმძღვანელობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც 300-ზე მეტი დემონსტრანტი გაასამართლა.
მიუხედავად იმისა, რა გაგრძელება ექნება 20 ივნისის ღამის მოვლენებზე დაწყებულ რამდენიმე გამოძიებას, გასამართლებული დემონსტრანტების ნაწილი სამართლებრივ დავაზე უარის თქმას არ გეგმავს. აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი მათ სახელმწიფო დაზარალებულებად ნებით არ აღიარებს, დავას საერთაშორისო დონეზე გააგრძელებენ.