“პროკურატურამ თავისი უნიჭო განცხადებით ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზარალი”-ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში მივიდნენ. ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბიზნესის კეთების 29 წლის განმავლობაში კანონი არასდროს დაურღვევია.

“ჩვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში ორჯერ მოგვიწია ამ უპასუხისმგებლო, ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც მთელ მსოფლიოში მოჭრა თავი ქართულ საინვესტიციო გარემოს. ორჯერ მოგვიწია გადადგომა, მეორე გადადგომა იცით რომ გუშინ განვახორციელეთ, მას მერე როცა 98% აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა, 5 წუთიანი დოკუმენტის გადმოსაცემად პროკურატურამ ჩაატარა ქვეყნის საზიანო ბრიფინგი, ქართულ ეკონომიკას დააკარგინა ისედაც მყიფე რეპუტაცია, დააკარგინა ძალიან მსხვილი ინვესტორები ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, 2 დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით, ჩვენმა ეკონომიკას 2 დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზარალი” -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროცესზე შესვლამდე.

პროკურატურა ხაზარაძის და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,  მილიონ-მილიონ ლარს ითხოვს.

„ჩვენ პრესიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობის და პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას ორ მილონ ლარში ცვლიან, აღარ ვლაპარაკობ ნდობაზე, რეპუტაციაზე და იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს ჩვენ ხელისუფლებას აქვს“

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.