პროპორციული არჩევნები ,,ევროპულ საქართველოს” აწყობს, ,,ენმ”-ს – არა — ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის აზრით, პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოვებული არჩევნები ,,ევროპულ საქართველოს” აწყობს, ხოლო ,,ნაციონალურ მოძრაობას” – არა.

მისი თქმით, გიგი უგულავას წერილი, რომელშიც ის საუბრობს, რომ არ უნდა ,,გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში”, გონივრულია.

,,ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ თუ ოპოზიციური სპექტრი, რომელიც იკრიბება ნაციონალური მოძრაობის გარშემო, თავის მთავარ მოთხოვნად აქცევს ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს, ქართულ ოცნებას ექნება საბაბი, მისივე შემოთავაზებულ ვარიანტზე უარი თქვას, რადგან ეს გახდება წყალგამყოფი. ამიტომ მისი ეს განცხადება არის გონივრული, რათა „ქართული ოცნება“ ამ პროცესიდან არ გამოვიდეს. პოლიტიკური პატიმრების საკითხი პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგში დაყენება აწყობს ნაციონალურ მოძრაობას”,- ამბობს ნაცვლიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ,,ნაცმოძრაობა” არჩევნების არსებული სისტემით ჩატარების შემთხვევაში, მას არალეგიტიმურად გამოაცხადებს და ქუჩაში გამოვა.

,,თუ ამ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და მეტი პროპორციულობისკენ არ წავალთ, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას ექნება საბაბი, არჩევნების შემდეგ თქვას, რომ რადგან არჩევნები იმ სისტემით არ ჩატარდა, არის არალეგიტიმური. შესაბამისად, ყველანაირი საბაბი ექნება, რომ ქუჩაში გამოვიდეს. ამიტომ ეს არის აწონ-დაწონვის საკითხი. მესმის მისი [უგულავას] პოზიცია მისი პარტიიდან გამომდინარე. ეს შესაძლოა სწორი იყოს. ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი დღის წესრიგში თუ დადგა, მაშინ მოლაპარაკების რესურსი აღარ იქნება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნება” ოპოზიციას სთავაზობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს, რის მიხედვითაც, პარტიას, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ 40 მაჟორიტარი ის მინიმუმია, რაზეც შეუძლიათ შეთანხმება, რადგან 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულ ოლქად ,,საქართველო გეოგრაფიულად ვერ დაიყოფა”.

ოპოზიცია არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვს.