ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ

,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის გამო, ელენე ხოშტარიასგან საპარლამენტო მანდატის დატოვებას ითხოვენ.

აქციის დაწყებამდე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოთხოვნა ფეისბუქზე დაწერა. 

,,ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, რუსეთის ჰიმნის გაჟღერება იუნკერების ხსოვნისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა!!!”,- წერს ჩაკვეტაძე და ითხოვს, ,,დატოვონ მანდატი პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გამჟღერებლებმა”. 

დღეს დილით, ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს მოხსენებისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, პარლამენტში მიმდინარე პროცესი საბჭოთა კავშირისა და მისი ჰიმნის სიმბოლოა.