ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

სამხედრო პოლიციამ ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი, გიორგი ჯოჯიშვილი დააკავა. თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს ბრალად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ედება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 18 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრის (აღმოსავლეთის) დაცვის ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

„საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მოძიებულ და დაკითხულ იქნა მოწმეები, რომლებიც ფლობდნენ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, პარალელურად ჩატარდა შიდა უწყებრივი რევიზია, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს დაკავების თაობაზე.  1 თებერვალს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე გიორგი ჯოჯიშვილი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და გადაყვანილ იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

გ.ჯ. 2019 წლის 23 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ბიულეტენზე, ხოლო შემდგომ პერიოდში იანვრის თვეში კუთვნილ შვებულებაში. ამ პერიოდში ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა შტაბის უფროსი შოთა თავართქილაძე“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.