რა შემთხვევაშია ნებადართული 10-ზე მეტი პირის თავშეყრა

პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, განმარტა, რა დროს არ მოქმედებს დაწესებული შეზღუდვა და ნებადართულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

  • 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.
  • 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო, საჯარო, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.
  • თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.
  • 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებაში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას. ისინი ვალდებულები არიან, დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

21 მარტს კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რის მიხედვითაც 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.  ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 გამოჯანმრთელდა, 3 მძიმედაა.