რატომ არ უნდა მოვჭრათ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლო დეკორაციისთვის?

ნაძვი სიმბოლურად დაკავშირებულია ახალ წელთან თუმცა ძალიან ცოტამ იცის რომ საახალწლო ნაძვის ხეებად ევროპაშიც და საქართველოში გამოყენებულია არა ნაძვი არამედ სოჭი. საქართველოში მხოლოდ კავკასიური სოჭია (Picea orientalis) გავრცელებული. ნაძვი და სოჭი საკმაოდ ნელა იზრდება. ნაძვს მხოლოდ 15 წლის მერე შეატყობთ მის ზრდას. ნაძვის გამრალვება შესაძლებელია გადაწვენით და დაკალმებით თუმცა ბუნებრივად თესლით მრავლდება. ძალიან მგრძნობიარეა ქარის, გვალვის, სინათლის ცვალებადობის მიმართ და მოითხოვს ასევე განსაკუთრებულ პირობებს.

სოჭი ძირითადად თესლით მრავლდება, თუმცა, ალპურ ზონაში მისი ვეგეტაციური (გადაწვენით) გამრავლებაც ხდება. თესლს ნაძვის მსგავსად აღმოცენების სუსტი უნარი აქვს, შესაბამისად, დათესვამდეც განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. ასევე მგრძნობიარეა ტენის მიმართ და ვერ იტანს ჭარბტენიანობას. ახალგაზრდა ნერგი ზრდის დიდი ენერგიით ხასიათდება, სწორედ ამიტომ მიჩნეულია საახალწლო ნაძვის ხეების პლანტაციისთვის ყველაზე ხელსაყრელ სახეობად.

წიწვოვნებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ გარემოს მდგრადობაში, ჟანგბადის გამომუშავებისა კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების თვალსაზრისით. უმნიშვნელოვანესია კურორტოლოგიური და რეკრეაციული თვალსაზრისითაც. საქართველოს ბევრი გამაჯანსაღებელი კურორტის არსებობა განპირობებულია სწორედაც რომ წიწვოვანი ტყეების არსებობით.საახალწლო ნაძვის ხეებად გამოსაყენებელი მცენარეები(ზომით) არიან ნაძვისა და სოჭის ახალგაზრდა ხეები, რომლებმაც გადალახეს რთული პირობები, გაუძლეს ბუნებრივ სელექციას და წარმოადგენენ მომავალში ტყის არსებობის გარანტიას.

როდესაც ხეს მხოლოდ სადღესასწაულო დეკორაციისთვის ვჭრით ბუნებრივ ტყეში, ჩვენ რამდენიმე დღიან პერიოდს ვუპირისპირებთ მომავალი ათწლეულებისა და ასწლეულების პერიოდს, მოსართავ ნივთს – სუფთა ჰაერს და სხვა უამრავ ეკოსისტემურ სერვისს, რაც უნდა მივიღოთ ცოცხალი მცენარისგან ახლაც და მომავალშიც.ხშირია შემთხვევები როდესაც წიწვოვან ხეებს კენწეროში ჭრიან რათა სასურველი საახალწლო ნაძვის ხის ზომა მიიღონ.ასეთ დროს ხშირია სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტის ალბათობა, თუმცა, გადარჩენილი მცენარეც წყვეტს ზრდას და ვეღარ ასრულებს მის ძირითად, ეკოლოგიურ ფუნქციებს.

თუ საახალწლოდ უპირატესობას მაინცდამაინც ცოცხალ ნაძვს ანიჭებთ, ასეთ შემთხვევაში უნდა შეიძინოთ სანერგეებსა და პლანტაციებში სპეციალურად საახალწლო ნაძვის ხეებად გამოყვანილი მცენარეები, რომლებსაც ახლავს წარმოშობის დამადასტურებელი ცნობა ან/და სერტიფიკატი. უმჯობესია, თუ მცენარეს დაფესვიანებულს, ქოთნით შეიძენთ და დღესასწაულის დასრულების შემდგომ ბუნებას დაუბრუნებთ, ან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგილამაზებთ დღესასწაულს.

გარდა ამისა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან, თუ ქმედება დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.