რატომ არის საშიში დაცემინებისას ცხვირზე ხელის მოჭერა

ეტიკეტის წესებით დაცემინებისას რეკომენდირებულია პირზე ხელის აფარება. თუმცა ბევრი ადამიანი ხმამაღლა დაცემინებას ერიდება ხალხის თანდასწრებით, ამიტომაც დაცემინებისას ცხვირზე ხელსაც იჭერს. ექიმები ამბობენ, რომ ეს დაუშვებელია.

ადამიანმა შეიძლება რეფლექსურად დააცემინოს, როცა თვალის ბადურას მზე მოხვდება ბნელი შენობიდან ქუჩაში გამოსვლისას, ალერგიული რეაქციისას ან გაციებისას. არ არის საჭირო ალერგენებისა და ინფექციის შეკავება. ჯობს ისინი გარეთ გამოვიდეს.

ჯერ ერთი, დაცემინებამ მოკუმული პირით და ცხვირზე მოჭერილი ხელით შეიძლება სმენის ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ცემინებისას ჰაერის ნაკადის სიჩქარემ შესაძლოა 120 მეტრს წამში მიაღწიოს. თუ ცხვირს და პირს მოვკუმავთ, ლორწო შეიძლება წნევის ძალით ყურის აპარატის მილებში მოხვდეს, რომლებიც ცხვირს შუა ყურთან აკავშირებს. შედეგად შესაძლოა ამ მილის ანთება მივიღოთ, რომელსაც ევსტახიტი ეწოდება.

გარდა ამისა, წნევის ძალით მიკრობები შესაძლოა ცხვირის მიმდებარე უბეებში –  მაგალითად ჰაიმორის ღრუში მოხვდეს. ცემინების  დროს ცხვირზე ხელის მოჭერამ შეიძლება სინუსიტი, ჰაიმორიტი ან ფრონტიტი გამოიწვიოს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ცემინების დროს ცხვირზე ხელის მოჭერა და პირის მოკუმვა არ შეიძლება, შიდაქალის წნევის აწევაა. ადამიანი, რომელსაც წნევის პრობლემა არ აქვს სერიოზულ შედეგებს ვერ იგრძნობს, თუმცა ხანდაზმული ადამიანები და პაციენტები სისხლძარღვების სუსტი კედლებით ან ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით თავს ცუდად იგრძნობენ.

თუ ადამიანს ცხვირიდან სისხლდენისკენ აქვს მიდრეკილება, მოკუმული პირით და ცხვირზე ხელის მოჭერით დაცემინებამ შეიძლება სისხლდენაც გამოიწვიოს.