როგორ შეიძლება იმით დაზიანდე, რითაც კურნავ- დეკანოზი გალდავა ერთი კოვზით ზიარებაზე

მამა ალექსანდრე გალდავას თქმით, საპატრიარქო არ განიხილავს ზიარების წესის დროებით ცვლილებას, რადგან ზიარება არის ,,საკურნებელი და არა დამაავადებელი”.

მისი თქმით, ხატზე ამბორის, დეზინფექციისა და ყველა სხვა რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ ერთი კოვზით ზიარების წესის ცვლილების გარდა.

,,რაც შეეხება იმ მსოფლიო სურათს, რაც მართლაც შემზარავია, ყველაფერი უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდევაც ეკლესია, რომ რა რეკომენდაციასაც მოგვცემენ ჯანდაცვის სამინისტროდან, [შევასრულოთ] – ეს იქნება დეზინფექცია, ეს იქნება თავშეკავება, ეს იქნება პრევენციები, ერთად არ დგომა, ხატებზე თუ ერთმანეთზე ამბორი, ყველაფერი ზიარების გარდა, იმიტომ, რომ ადამიანი რომ კვდება, მაშინ ვაზიარებთ, როცა სჭირდება მას განკურნება და როგორ შეიძლება, იმით, რითაც კურნავ, რომ პირიქით დაგაზიანოს, ამაზეა ლაპარაკი”,- ამბობს დეკანოზი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველას მოუწოდებს, არ გამოიყენონ ერთი კოვზი, თუმცა მათი თქმით, რელიგიურ რიტუალებს ვერ შეცვლიან. ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას რეკომენდაციას უწევს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც.