რომელ ქვეყნებში დაიხურა კორონავირუსის გამო სკოლები და უნივერსიტეტები

იუნესკოს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით 46 ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა.

აქედან, 26-მა ქვეყანამ სკოლები ქვეყნის მასშტაბით დახურა, რაც მსოფლიოს მასშტაბით 376.9 მილიონ ბავშვსა და ახალგაზრდას მოიცავს. 20 ქვეყანაში ხელისუფლებამ სკოლების ლოკალიზებულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც COVID-19 ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

მაგალითად, სკოლები დახურულია:

დანიაში– ორი კვირის განმავლობაში ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დახურული იქნება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინფიცირების 514 შემთხვევა დადასტურდა.

ყაზახეთი– აქ ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ორშაბათიდან სკოლები მაინც დაიხურება.

იტალია– წინა კვირაში იტალიამ სასწავლო დაწესებულებები 1 თვით დახურა. მაშინ ქვეყანაში ინფიცირებული 2500 ადამიანი იყო, ახლა კი 15 ათასზე მეტია.

იაპონია– ყველა სკოლა მარტის ბოლომდე დახურულია.

ირლანდია– დღეს 18:00 საათიდან 29 მარტამდე ქვეყანაში ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტილია.

დიდ ბრიტანეთში და გერმანიაში სკოლები გარკვეულ რეგიონებშია დახურული. ესპანეთში სკოლები მხოლოდ მადრიდში დაიხურა, ხოლო საფრანგეთში- ბრიტანიში და ოისიში.

საქართველოში სკოლის არდადეგებები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა, უნივერსიტეტების ნაწილი კი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადის. 

უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 133 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 5000-მდე ადამიანია.