“რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი“ -ელენ დ’ანკოსი

სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილმა, ელენ კარერ დ’ანკოსმა, რომელიც კრემლთან და რუსეთის მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პოლიტოლოგი და სოვეტოლოგია, განაცხადა რომ რუსეთი არავის მტერი არ არის და მათ შორის არც საქართველოსი. განცხადება ელენ დ’ანკოსმა  ტელეკომპანია „რასიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტელეარხმა ფრანგული აკადემიის მუდმივ მდივანთან ინტერვიუ მის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაწერა, რა დროსაც წამყვანმა მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე შეკითხვა დაუსვა.
„თქვენ იცით, რომ ყველა ოჯახში არიან განსხვავებული ადამიანები და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მიაჩნიათ, რომ თქვენ ერთი შეხედულება გაქვთ, სხვას კი – სხვა. მე საკმარისად კარგად მიცნობენ რუსეთშიც და საფრანგეთშიც. მიმაჩნია, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი. ხშირად ვამბობ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ რაც ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გადავწყვიტე, რომ არასდროს არსად ვილაპარაკებ არც საქართველოს და არც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე,“ – განაცხადა ელენ კარენ დ”ანკოსმა.
ელენ კარერ დანკოსი  საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივნობის გარდა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. მას რუსულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ლომონოსოვის ჯილდოც გადაცეს. წლების მანძილზე ის სხვადასხვა ინტერვიუებში ხშირად ამართლებდა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებს, მათ შორის ყირიმის ოკუპაციას.
ლენინის, სტალინისა და ხრუშჩოვის ბიოგრაფიების, საბჭოთა კავშირის ისტორიისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის შესახებ მრავალრიცხოვანი ნაშრომების ავტორს, ელენ კარერ დ’ანკოსს “სოვეტოლოგთა დედოფლად” მოიხსენიებენ.ელენ კარენ დ’ანკოსმა ქართული არ იცის. მას დედა რუსი ჰყავდა და იმის გამო, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან იზრდებოდა, კულტურული და ენობრივი თვალსაზრისით მაინც, მისი გავლენის ქვეშ იყო. ამავე გავლენით უნდა აიხსნას მისი დაინტერესება რუსეთის ისტორიით, თუმცა კარერ დ’ანკოსს ინტერესი არც მამის სამშობლოს, საქართველოს მიმართ აკლია.
“ინტერესი იყო ყოველთვის! ადრეც, როცა დაიწყო ისტორიული წიგნების წერა, ხშირად ეხებოდა საქართველოს საკითხს და ეროვნული უმცირესობის საკითხს საბჭოთა კავშირში. ის იყო ჯერ საბჭოთა კავშირის სპეციალისტი და მერე, რუსული ენის გამო, გახდა უფრო რუსეთის სპეციალისტი. მაგრამ საქართველოზეც, როცა საბჭოთა კავშირი იყო, ბევრი აქვს დაწერილი”. – ამბობს სალომე ზურაბიშვილი