საერთო სასამართლოებში 2019 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 7.9 მილიონი ლარის ოდენობის დანამატები და 98 875 ლარი ოდენობის პრემიები გაიცა. ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
საერთო სასამართლოების სისტემა აერთიანებს საქართველოს უზეანესს სასამართლოს, სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებს.
“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2019 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა 1,622 ადამიანია, შტატგარეშეთა რაოდენობა კი 345 თანამშრომელი – მათზე გაცემული დანამატი 7.9 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურების საერთო ოდენობის 23%-ს შეადგენს.
“დანამატების სახით გაცემული თანხა რომ მაღალია, ამას წინა წელთან შედარებითაც ვხედავთ – 2018 წელს პირველი 9 თვის განმავლობაში საერთო სასამართლოების სისტემაში გაცემული დანამატების რაოდენობა 4.8 მილიონი ლარი იყო, რაც 3.1 მილიონი ლარით ნაკლებია წლევანდელ მაჩვენებელზე. მაშინ დანამატების წილი შრომის ანაზღაურებაშიც ნაკლები იყო – 16%.
დანამატების სახით გაცემული 7.9 მილიონი ლარი დამატებით კითხვებს აჩენს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტმა წელს უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, რომლებიც სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნდობით არ სარგებლობდნენ და კრიტიკის ობიექტები გახდნენ.
მოსამართლეები 12 დეკემბერს აირჩიეს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დეპუტატებს მოუწოდებდა, მხარი არ დაეჭირათ არც ერთ კანდიდატისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი პარლამენტს მიმართეს მოწოდებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აერჩიათ უვადო მოსამართლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა, თავად მოსამართლეების არჩევის სხდომა კი სამოქალაქო სექტორის მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
მმართველმა გუნდმა არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა”-აღნიშნულია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.