საქართველოს არჩეული პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ურჩევს, ოპოზიციის გეგმებზე თავად ხელისუფლების ოპონენტებს კითხონ, რადგან თავად ინაუგურაციისთვის ემზადება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ სწორედ ინაუგურაციის გამო ბევრი საქმე აქვს.
“მათ კითხეთ, რაც მათ ეხებათ. მე ინაუგურაციისთვის ვემზადები და ძალიან ბევრი საქმე მაქვს”,-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მმართველ გუნდს დიალოგის დაწყება შესთავაზა და განაცხადა, რომ სწორედ 16 დეკემბრამდე აქვს ხელისუფლებას ვადა, გამოყოს 5-კაციანი ჯგუფი ოპონენტებთან სასაუბროდ. გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.