სამარშრუტო ტაქსების აკრძალვასთან ერთად, ჯობდა ეკლესიებში შეკრებებიც აგეკრძალათ- მელია მთავრობას

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია მთავრობას მოუწოდებს, არ მოერიდონ საპატრიარქოს და კატეგორიულად მოთხოვონ ეკლესიებში მსახურების დროებით შეჩერება.

მისი თქმით, ეკლესიაში დგომა და ერთი კოვზით ზიარება ისევე სახიფათოა, როგორც სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა.

,, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის აკრძალვასთან ერთად, ჯობდა ეკლესიებში შეკრებებიც აგეკრძალათ

სახელმწიფოს აღარ უნდა ერიდებოდეს საპატრიარქოსი, ღიად და კატეგორიულად უნდა მოუწოდოს ეკლესიებში მსახურების დროებით შეჩერება! წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, სამარშრუტო ტაქსში 10 კაცთან მგზავრობა სიცოცხლისთვის სახიფათოა და ტაძრებში ასეულებთან ერთად დგომა და ერთი კოვზით ზიარება – უსაფრთხო?

თუ ეპიდემიას ნაკურთხი წყალი ამარცხებს, მაშინ ხალხს რაღას ვუშვებთ კარანტინში, ან რას ვკეტავთ თვითიზოლაციაში, ან ცა რისთვის დავკეტეთ, ან საზღვრები?

ვიმეორებ, თუ არ ვკრძალავთ ხალხმრავლობას ეკლესიაში, რა ნიშნით და რა ლოგიკით ვკრძალავთ ან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობას, ან სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს, თეატრებს, ბარებს და რესტორნებს? იქ სხვა ხალხი დადის და ეკლესიაში – სხვა?

თუ სახელმწიფოს ვისთანაც გასდის იმას ყველაფერს ვუკრძალავთ და ვისთანაც ვერა, ვერაფერს?

მივმართავ ხელისუფლებას, იმოქმედეთ უფრო თამამად! “,- წერს ,,ფეისბუქზე” ნიკა მელია.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, აკრძალა.