საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ყინწვისის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს ეხება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად ყოვლად გაუმართლებელია.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი.
ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ძეგლი არ დაზიანებულა, მაგრამ დაგებული იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან და საჭიროა ამჟამად არსებული რეალობის სასწრაფოდ გამოსწორება, რაც სრულიად შესაძლებელია.
ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმედეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობა თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.
„სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას“,-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრივ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა.