საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მაღალი სიცხის გამო აზერბაიჯანის მოქალაქე არ გადმოუშვეს

საქართველო -აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დღეს აზერბაიჯანის ერთ მოქალაქე არ გადმოუშვეს. მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც საზღვრის გადმოკვეთაზე სპეციალისტებმა უარი უთხრეს.

,,ქალს, რომელიც ზაქათალიდან მოდიოდა მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამიტომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მივეცით. შევთავაზეთ კარანტინში მოთავსება, თუმცა უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა მაკა ხმალაძემ.

ბოლო რამდენიმე დღეში საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ქვეყანაში შემოსვლაზე უარი რამდენიმე ადამიანს უთხრეს, ნაწილს მაღალი ტემპერატურის, ნაწილს კი ირანში მოგზაურობის გამო.

მგზავრებისთვის, რომლებიც ვირუსის გავრცელების არეალის ქვეყნებიდან საზღვრის გადმოკვეთას შეძლებენ და მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოუჩნდებათ, ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან სპეციალური კარავია გაშლილი, სადაც თითოეული მათგანი სპეციალური სამედიცინო მანქანით ტრანსპორტირებამდე თავსდებიან.