საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა, ფაქტზე 1994 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით გაიტაცა ფული (დაახლოებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით) და მიიმალა. სამართალდამცველებმა დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მომხდარიდან რამდენიმე დღეში იგი თბილისში დააკავეს. პოლიციამ ვ.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ბანკის დაყაჩაღების დროს ეცვა, სახლის სხვენიდან კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ყაჩაღობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – განაცხადა მაისურაძემ.