საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,2019 წლისპირველი  იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 723 ათას კაცს შეადგენს, რითაც აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველი  იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. დედაქალაქის  მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ შემადგენლობას, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტს შეადგენდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, თბილისში 1 171 ათასი კაცი ცხოვრობს, აჭარაში – 349 ათასი, გურიაში – 109 ათასი, იმერეთში – 497 ათასი, კახეთში – 312 ათასი, მცხეთა-მთიანეთში – 93 ათასი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 29 ათასი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 316 ათასი, სამცხე-ჯავახეთში – 154 ათასი, ქვემო ქართლში – 433 ათასი და შიდა ქართლში – 257 ათასი.