საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება-ბახტაძე

ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი. 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დაიწყო ჩვენი ისტორიული მიწა-წყლების ოკუპაცია. 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე არ ხდებოდა შესაბამისი აქცენტის სწორი დასმა.

ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო, სამწუხაროდ, ძალიან ხილული. რაც შეეხება თვითონ ამ თემის შესახებ სპეკულირებას, ვინც აკეთებს ამაზე სპეკულაციას, სწორედ ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

აქედან კიდევ ერთხელ მსურს, მივმართო ჩვენს მოსახლეობას და ვუთხრა, რომ ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც ჩვენ აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.