სარაგბო კლუბ ,,ბათუმში” მასაჟისტი, დაცვის უფროსი და ბავშვთა მწვრთნელი ერთი ადამიანია- აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ,,შპს სარაგბო კლუბ ბათუმში” მასაჟისტის, დაცვის უფროსისა და ბავშვთა მწვრთნელის თანამდებობას 1 ადამიანი იკავებს.

ანგარიშში წერია, რომ სარაგბო კლუბში სულ 3 მასაჟისტია დამტკიცებული, თუმცა მათგან ორს სამუშაო არ შეუსრულებია და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ წარმოდგენილი. სახელმწიფო აუდიტის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი სამსახურში არასდროს გამოცხადებულა

,,მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ჯამში ორ პირზე გაცემულია ანაზღაურება 13,000 ლარი. აღნიშნული გარემოება წარმოშობს შპს-ის ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს”,- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ “შპს სარაგბო კლუბ ბათუმის“ მიერ სპორტსმენებისთვის ბინის დაქირავება, რიგ შემთხვევაში, განხორციელებულია საჭიროების დასაბუთების გარეშე, არაერთგვაროვანი მიდგომით და საბაზრო ფასებთან შეუსაბამოდ. შედეგად, შესაძლოა, შპს-ის მიერ ფულადი სახსრები არარაციონალურად დაიხარჯა.