სასკოლო არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები ჩატარდება- განათლების მინისტრის მოადგილე

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არდადეგები კორონავირუსის გამო კვლავ გახანგრძლივდება, მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებენ.

მისი თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკება ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან” მიმდინარეობს და დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი.

,,ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი კიდევ უფრო შეკუმშული ეროვნული სასწავლო გეგმით, მოდიფიცირებული, ოღონდ გარკვეული პერიოდით. ალბათ, მოხდება აღდგენითი საათების ჩატარება. ამას უკვე დეტალურად შემდეგ გავაჟღერებთ, როგორ ვფიქრობთ ამ ტიპის პროცესის დაწყებას. გვინდა და ვთანამშრომლობთ „პირველ არხთან“, სადაც გამოვიყენებთ სატელევიზიო ბადეს და სასწავლო პროცესის გადატანა მოხდება სატელევიზიო ბადეში. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გვექნება ორშაბათს და დეტალებს გავაჟღერებთ”,- ამბობს დგებუაძე IPN-თან.

მისივე თქმით, სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, მასწავლებლები დავალებებს ტელეფონით მისცემენ.

,,საკომუნიკაციო არხად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. ეს დამოკიდებული იმაზეა, რა სოციალური ფონია და რომელი საკომუნიკაციო საშუალებაა ეფექტური. ჩვენი მიზანია, განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ ყველა მოსწავლისთვის. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. მხოლოდ ონლაინ სწავლება არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა და გზა იმისთვის, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია იყოს დაგეგმილი და განხორციელებული“, – განაცხადა დგებუაძემ.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება, 26 აპრილამდე სრულად შეძლონ სასწავლო პროცესის აღდგენა.

გახარიამ აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ გეგმ უნდა წარმოადგინოს, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს, როგორ ხდება გაცდენილი სასწავლო პროცესის აღდგენა. მისი თქმით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლებისთვის მზად არ არის.