სასტარტო პოზიცია დღეს უფრო ძლიერი გვაქვს, ვიდრე 2016 წლის არჩევნებზე- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოების განწყობა აძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ოცნება 50%-იან ბარიერს თავისუფლად გადაცდება, რადგან 2016 წლის არჩევნებთან შედარებით, უფრო ძლიერი სასტარტო პოზიცია აქვს.

,,2016 წლის იანვარში, როდესაც კვლევა ჩავატარეთ, მაშინ სასტარტო პოზიცია გვქონდა ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე გვაქვს დღეს და იცით, რომ 49% -ით დავასრულეთ მაშინ არჩევნები. ეს გვაძლევს ჩვენ იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ თავისუფლად შეიძლება, თავისუფლად და კარგად გადავცდეთ 50% -იან ნიშნულს, საზოგადოების განწყობა არის ასეთი”,- აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, ქართული ოცნების მაღალ მხარდაჭერას პოლარიზაციის მაღალი ხარისხი განაპირობებს, რადგან ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, ხალხი არჩევანს მმართველ პარტიაზე აკეთებს.

,,ისევ იგივე სურათი გვაქვს ჩვენ ჩამოყალიბებული, არის ერთ მხარეს ქართული ოცნება , მეორე მხარეს ნაცმოძრაობა, ეს არის ორი პოლუსი ,რომელსაც ხედავს საზოგადოებას და ბუნებრივია უდიდესი ნაწილი არჩევანს ამ ორ პოლუსს შორის აკეთებს ქართული ოცნების სასარგებლოდ”,- აღნიშნავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

ცნობისთვის, 2020 წლის 16 იანვარს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის მიხედვით, ,,ქართულ ოცნებას” მოსახლეობის 20% უჭერს მხარს, ხოლო ,,ნაციონალურ მოძრაობას”- 13% .