სექსისტური განცხადების გამო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

ოპონენტი ქალების მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სექსისტური და დამამცირებელი შეფასებების გამო, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ ფაცაციას სამოქალაქო სექტორი დაუპირისპირდა.

აქტივისტების აზრით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა გადადგეს, პარტიამ კი ის უნდა გარიცხოს. ფაცაციამ Facebook-ში დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე სექსისტური და დამამცირებელი პოსტი ხუთშაბათს გამოაქვეყნა, რასაცმწვავე რეაქცია მოჰყვა, პროტესტის შემდეგ ზუგდიდი საკრებულოს დეპუტატი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა.

ჩინოვნიკის თავდასხმის ხშირი ობიექტები არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრი გაერთიანებული ოპოზიციიდან ანი წითლიძე და მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსი.

თამაზ ფაცაციას სექსისტური და დამამცირებელი პოსტების გარდა, მის ფეისბუქ გვერდზე არაერთი ქსენოფობიური, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებაა. 

თუ „ქართული ოცნება“ თამაზ ფაცაციას განცხადებებზე პასუხს არ აგებინებს, სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ ქალთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია წახალისდება.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლოა, საკუთარ გამონათქვამებზე პასუხისგება სასამართლოშიც მოუწიოს. შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო საჩივარს ანი წითლიძე ამზადებს.