სექსუალური შევიწროების შესახებ ეშლი ჯადის სარჩელი სასამართლომ არ მიიღო

კალიფორნიის სასამართლომ უარი თქვა სექსუალური შევიწროების შესახებ სარჩელზე, რომელიც მსახიობმა ეშლი ჯადმა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ შეიტანა.

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქმის გარემოებები არ შეესაბამება კანონის იმ მუხლს, რომლითაც სარჩელი იქნა შეტანილი და არაფერი აქვს საერთო იმის დადგენასთან, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ეშლი ჯადის მიმართ სექსუალურ შევიწროებას “ამ სიტყვის ყოფითი გაგებით“.

რაც შეეხება ეშლი ჯადის სხვა სარჩელს ვაინშტეინის წინააღმდეგ, რომლებიც მის კარიერაში უარყოფით ჩარევას ეხება, კვლავ სასამართლოს განხილვაში რჩება.

ეშლი ჯადი ერთ–ერთი პირველი იყო იმ ჰოლივუდელ ქალებს შორის, ვინც ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა სხვა ბრალდებები.

გავლენიანი ჰოლივუდელი პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში არაერთმა ქალმა დაადანაშაულაა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ნიუ იორკში. ასევე სასამართლოშია შეტანილი რამდენიმე სამოქალაქო სარჩელი.