სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს

სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ.

გავრილოვი სასტუმრო „რედისონიდან“ დაცვის თანხლებით დაახლოებით 3 საათის წინ გამოიყვანეს, რუსი დეპუტატის გამოჩენას იქ შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, მათ გავრილოვს წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ არის შეკრებილი, ხალხის დიდი რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები რედისონთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გავრილოვმა დღეს საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და სიტყვით გამოვიდა.