სერიალი “ჩერნობილი” რუსულ მედიას არ მოწონს

ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ მორიგი მაღალრეიტინგული მინი სერიალი “ჩერნობილი”  შექმნა, რომელმაც რეიტინგით ყველასათვის კარგად ცნობილ “სამეფო კარის თამაშებს” და “მძიმე დანაშაულს” გადაასწრო. მინი სერიალ “ჩერნობილს“ IMDB-ზე შეფასება 9.5 აქვს და ის მეორე ადგილს იკავებს “Planet Earth II “-ის შემდეგ.

სერიალი საკმაოდ რეალისტურია და ის მსოფლიოში დატრიალებულ ერთ–ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას გადმოსცემს და შესაბამისად მოიცავს არც თუ ისე სასიამოვნო კადრებს. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

მიუხედავად იმისა რომ სერიალი “ჩერნობილი”  უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, მის პოპულარობას არ იზიარებს რუსეთი. 28 მაისს რუსულმა ტელეეკომპანია  “Россия 24”-მა  მოამზადა 20 წთიანი სიუჟეტი და ამერიკული სერიალი დეტალურად შეისწავლა და უამრავი “შეცდომა აღმოაჩინა”. როგორც ირკვევა პოპულარული სერიალის ავტორების მიერ დაშვებული შეცდომები  “The Moscow Times”-ის ავტორმა ლეონის ბერშიდსკიმ “აღმოაჩინა”. 

პირველი “შეცდომა” : პირველი სერია იწყება აკადემიკოსი ლეგასოვით რომელიც გვიან ღამით თავის მოკვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯერ საკუთარ კატას აჭმევს და შემდეგ  თავს იკლავს. როგორც “Россия 24”-ის წამყვანი ამბობს ეთერში ლეგასოვმა თავი ღამით კი არა სინამდვილეში დღისით მოიკლა და თანაც მას კატის გარდა მეუღლე და შვილი ჰყავდა გვერდით და ისინი ზრუნავდნენ მასზე. 

მეორე “შეცდომა” : როგორც რუსული ტელეარხის წამყვანი აცხადებს  სერიალში პერსონაჟებს იარაღი არასწორად უჭირავთ. არასწორად ჭერაში იგულისხმება ის რომ მათ იარაღი ამერიკულ სტილში ( კონდახი იღლიაზე აქვთ მიბჯენილი) უჭირავთ, ხოლო მაშინ  საბჭოთა კავშირში  იარაღი მკერდის გასწრვივ უნდა გეტარებინა. 

მესამე “შეცდომა”: შემდეგი შეცდომა, პლასტმასის მინებით შემინული აივნებია. როგორც წამყვანი აცხადებს 1986 წელს ორმაგი  და პლასტმასის მინები არ არსებობდა, და “თუ სერიალი აცხადებს რომ ყველაფერი რაც გადაღებულია სინამდვილეს შეესაბამება მაშინ მათ ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვათ”- ამბობს რუსული ტელეარხის წამყვანი. 

მათ ასევე გააკრიტიკეს მიმართვა “ამხანაგო” რადგან მოქალაქეები საბჭოთა კავშირის დროს “ამხანაგოს” მხოლოდ კომუნისტური პარტიის ყრილობებზე მიმართავდნენ ასე და არა ასე საჯაროდ. კრიტიკა მოჰყვა მაღაროელების სცენასაც როდესაც ისინი არაყს სვამდნენ, გადაცემის ავტორის თქმით მაღაროელები არავითარ შემთხვევაში არ დალევდნენ ალკოჰოლს სანამ მუშაობას არ დაასრულებდნენ.