შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს აცრის შემდეგაც დაემართოს გრიპი

{{ARTICLEIMAGE}}
თუ ავიცერი გრიპი აღარ დამემართება? – ამ საკითხის ირგვლივ მოამზადა სტატია საინფორმაციო პლატფორმა Jamnews-მა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციებს დაეყრდნო.

შედეგად ირკვევა, რომ ვაქცინა გრიპისგან იცავს არა სრულად, არამედ 60 პროცენტით.

გრიპი აცრილ ადამიანსაც შეიძლება, დაემართოს და აი რატომ:

• შესაძლოა, გრიპის ვირუსით აცრამდე ცოტა ხნით ადრე დაინფიცირდით, ან აცრის შემდეგ მალევე (გაიხსენეთ, რომ ანტისხეულების გამომუშავებას ორ კვირა სჭირდება).

• გარემოში უამრავი გრიპის ვირუსია. ვაქცინის შემადგენლობაში კი მხოლოდ სამი ან ოთხი სახეობა შედის. შესაბამისად, შეიძლება თქვენ შეგხვდეთ გრიპის ვირუსი რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში.

• ავად შეიძლება იმ გრიპის ვირუსითაც გახდეთ, რომელიც ვაქცინის შემადგენლობაშია. არავინ ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია 100 პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს.

დაცვის ხარისხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საუკეთესო შედეგები ამ მხრივ ახალგაზრდებს და ბავშვებს აქვთ.

ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების იმუნური პასუხი უფრო დაქვეითებულია. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინა დადებით გავლენას ახდენს დაავადების სიმძიმეზე – აცრილ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს გრიპი გადააქვთ უფრო მსუბუქად, ვიდრე აუცრელებს. ისინი უფრო იშვიათად მოხვდებიან საავადმყოფოში და ნაკლებია ლეტალური შედეგის რისკი.

დასკვნა: მართალია, ვაქცინა არ არის სრულყოფილი საშუალება, მაგრამ არსებულთაგან საუკეთესოა გრიპისგან დასაცავად.