შშმ მოზარდის დედა სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებს შვილის ცემაში ადანაშაულებს. როგორც არასრულწლოვნის დედა ამბობს, შემთხვევა პირველ ივნისს სამტრედიაში მოხდა.
ოჯახმა პოლიციელების წინააღმდეგ საჩივარი, მთავარ პროკურატურაში უკვე შეიტანა. დაზარალებულები პოლიციელებთან ერთად სოციალური სამსახურის თანამშრომლების დასჯასაც ითხოვენ.
როგორც არასრულწლოვნის დედამ “რუსთავი 2-ს” უამბო, მოზარდმა ორჯერ დარეკა 112 -ში, პირველად თქვა, რომ მამამ მასზე იძალადა, თუმცა შემდეგ ისევ დარეკა და შეტყობინების გაუქმება ითხოვდა. მოზარდის დედის თქმით, ოჯახში ძალადობა არ მომხდარა.
მამას შვილი ფულს მაღაზიაში დაგროვებული ვალის გადასახდელად სთხოვდა, მამა მზად იყო ფული მიეცა, თუმცა შვილს უთხრა, რომ ის თავად წაჰყვებოდა მაღაზიაში და გადაიხდიდა ვალს.
ოჯახი ეჭვობდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შოთიკო ჩიჩუას მეზობელი ბიჭები სთხოვდნენ მათთვის სასურველი პროდუქტი შეეძინა.
როგორც ბიჭის დედა ამბობს, ზარის გაუქმებიდან მალევე მათთან სახლში მივიდნენ პოლიციელები და შოთიკო ჩიჩუას კითხულობდნენ. მისივე თქმით, მთელი რაიონისთვის ცნობილია, რომ მოზარდი აღრიცხვაზეა, რადგან მას სერიოზული, მათ შორის ფსიქიკური პრობლემები აქვს. როგორც დონარა ცვარაძე ამბობს, საბოლოოდ ბიჭი პოლიციელებმა სკოლის ეზოში იპოვეს და „მოიპარეს.
„მოუპარიათ სკოლის ეზოდან, ბავშვი ჩუმად აიყვანეს, გაიყვანეს, არავისთვის უთქვამთ. ბავშვს უთხრეს მამა არის პოლიციაში, რადგან შენ 112-ში დარეკე, დავწერთ ორ სიტყვას, მერე მამასთან ერთად დაგაბრუნებთ ოჯახშიო. დაამძიმეს ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა პოლიციაში. მოიწვიეს სოცმუშაკი ხათუნა სტურუა, რომელმაც წერილებზე რეაგირება არ მოახდინა, შემდეგ ბავშვი მოათავსეს სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალში“. ბავშვი შეყვანილია ჰოსპიტალში, არ არის ნაცემი, ამოვიღე დოკუმენტები, აქედან ბავშვი გადასულია თემქაზე, მე-5 კლინიკურში, სადაც უკვე შეინიშნება დაზიანებები. ბავშვი ამბობს, რომ პირველად დახმარებას სადაც უწევენ ბავშვებს,რომ ვერ მაწყნარებდნენ გადაკეტეს კარი და იქ მცემა ილია თევზაძემო და იქ სხვა პოლიციელებიც იყვნენო,“-ამბობს დონარა ცვარაძე.
დედა ითხოვს ყველა იმ პოლიციელის დასჯას ვინც მის შვილზე იძალადა და ვინც ბავშვის მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების გარეშე აღძრა.
„შოთიკო გაუყვანია ჯონი ჩუბინიძეს, სერგო შენგელიას მოტყუებით, მეუღლე გაუყვანია ჯონი ჩუბინიძეს და გივი მიგინეიშვილს, რომელმაც აღძრა ვახტანგ ჩიჩუაზე სისხლის სამართლის საქმე. ყველა პოლიციელი შოთიკოსთვის ცნობილი იყო და ყველამ იცოდა შოთიკო ვინ იყო. პოლიციის უფროსზე, პოლიციის უფროსის მოადგილეზე კახა შოთაძეზე, ლევან მიგინეიშვილზე, მაქვს დიდი პრეტენზია. პასუხს მოვთხოვ, რომ მათი დავალებით გააკეთეს ეს პოლიციელებმა – არასრულწლოვნის პოლიციაში მიყვანა და ძალადობა. მათი დავალებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ჩიჩუაზე,“-ამბობს დონარა ცვარაძე.
მოზარდის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურაში უკვე დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება შს სამინისტროს, უწყებაში აცხადებენ, რომ ბავშვის პოლიციაში მიყვანისთანავე მათ მიიყვანეს სოციალური მუშაკი, რომელიც ესწრებოდა გამოკითხვას, ასევე მათი ინფორმაციით, მოზარდმა უარი განაცხადა ექსპერტიზაზე, გახდა აგრესიული, რის გამოც საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.