პოლიციამ თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. შსს ქალის დაკავების ვიდეოს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ შსს-ში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.